ახალი ამბები
შეცვლილი მოსამართლე და პოლიციელები მოწმის სახით - ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის დაუსწრებლად განხილვა გრძელდება. ბანკზე თავდასხმის საქმეს ახალი მოსამართლე ჰყავს, ადვოკატის ინფორმაციით, ნატრული აკობია პენსიაზე გავიდა და პროცესები ეკა ბებიამ გადაიბარა. 

როგორც ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ რადიო "ათინათს" უთხრა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ გამოძახებულ სამ პოლიციელს მოუსმინა. მისივე თქმით, შემდეგ პროცესზე, სავარაუდოდ, ბანკის თანამშრომლები გამოიკითხებიან. 

"საქმეს სხვა მოსამართლე განიხილავდა, რომელიც პენსიაზე გავიდა. საქმის განხილვა ფაქტობრივად თავიდან დავიწყეთ. დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დავკითხეთ, პოლიციის სამი თანამშრომელი. შემდეგი პროცესი 3 თებერვალს არის ჩანიშნული. სავარაუდოდ ბრალდების მხარე მოწმეების სახით ბანკის თანამშრომლებს გამოიძახებს",- უთხრა რადიო "ათინათს" ჯანაშიამ. 

შემდეგი პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3 თებერვალს 11 საათზეა ჩანიშნული.

2020 წლის 21 ოქტომბერს
, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

დანაშაულში ბრალდებული ბადრი ესებუაა, რომელსაც შს სამინისტრო ამ დრომდე ეძებს.

სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში პოლიციამ მისი ძმა, ბიძინა ესებუა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების და ძებნილი ძმის დახმარების ბრალდებით დააკავა და სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით პოლიციამ მასზე „ძმის გამო იძია შური“.


Print