ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის ბოტანიკური სასახლის ეზოში დადიანების აქამდე უცნობი სამთავრობო სასახლის შესწავლის მიზნით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ე.წ ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ, ბაღის ჭიშკართან საკმაოდ მოცულობითი ნაგებობა არსებობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ შენობის სიგრძე 76 მეტრს აღწევდა, სიგანე 30 მეტრი იყო. დარბაზის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად კი სხვადასხვა არტეფაქტებია აღმოჩენილი მათ შორის ფაიფურის ნამუშევრები, ბრინჯაოს შანდლის ნაწილი და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რომელზეც სხვადასხვა გამოსახულებებია დატანილი. 

"დარბაზის ფარგლებში თითქმის ნახევარი მეტრის სისქის ნაშალი ფენა დაფიქსირდა, რომელიც კრამიტის და აგურის მრავალრიცხოვან ფრაგმენტებს მოიცავდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა რკინის სხვადასხვა ზომის ლურსმანი, ბრინჯაოს შანდლის თავი, მარმარილოს მაგიდის თავის ფრაგმენტი და სხვა. შენობის მეორე განყოფილებაში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღსანიშნავია ფაიფურის სერვიზი, ინტერესს იწვევს მათზე გამოსახული პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო დეტალები, ადამიანების, ფრინველების, ცხოველების, ყვავილების გამოსახულებები, ფერების სიუხვე და სხვა,"- ვკითხულობთ ზუგდიდის მერიის განცხადებაში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქციის პროცესი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში ახალი საგამოფენო სივრცე მოეწყობა სადაც ბოლო პერიოდში აღმოჩენილი არტეფაქტების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
Print