ახალი ამბები
კოკში სტადიონზე, სადაც 18 წლის მამაკაცი დაიღუპა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება
სოფელ კოკში მინი სპორტულ სტადიონს რეკონსტრუქციის შემდეგ ალექსი ბუაძის სახელი მიენიჭება. 18 წლის ბიჭი გასული წლის ივლისში მოედანზე დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სტადიონის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 63 813 ლარია.

"ალექსი ბუაძე სტადიონზე ტრაგიკულად დაიღუპა, არ ანათებდა ლამპიონი და სადენს მოჰკიდა ხელი. ახალგაზრდები ითოხვდნენ, რომ სტადიონი მისი სახელობის გამხდარიყო. ჩვენ წერილი გავაგზავნეთ მერიაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ალბათ, წლის ბოლომდე დასრულდება,ასევე განთავსდება ალექსი ბუაძის მემორიალური დაფაც,"- უთხრა რადიო „ათინათს“ სოფლის გამგებელმა რევაზ ხუბუამ.

18 წლის ბიჭი სოფლის სტადიონზე განათების ჩართვას ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაუცველ ელექტროსადენებს შეეხო, შედეგად, ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.




Print