ახალი ამბები
დატოვებენ თუ არა ზუგდიდის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები
ზუგდიდში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. რადიო "ათინათთან" ინტერვიუში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი თემურ ბასილაია ადასტურებს, რომ მანდატებს მხოლოდ პარტიის ახალი ხელმძღვანელობის მითითების შემთხვევაში დატოვებენ. მისივე თქმით, ბოიკოტის შემთხვევაში აუცილებელია, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღონ.

"არანირი გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატების დატოვების შესახებ არ მიღებულა. ველოდებით პარტიის ახალი ხელმძღვანელობის დირექტივებს. ამჟამად ჩვენ ვგეგმავთ შევუერთდეთ იმ აქციებს, რომლებიც თბილისში იგეგმება. ცალკეული გამოხტომები რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისგან დამაზიანებელი იქნება. პარლამენტის და საკრებულოების დატოვებას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მაქსიმალურად გააზრებული. მანდატების დატოვების შემთხვევაში პარტია მომავალი არჩევნებისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის გარეშე დარჩება, ვერ მიიღებს ვერც დაფინანსებას და არ ეყოლება წარმომადგენლები არც საარჩევნო კომისიაში. ფაქტობრივად, მომავალი არჩევნების დროს პარტია გაკოტრებული იქნება,"- უთხრა რადიო "ათინათს" ბასილაიამ.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯომარე ყრილობამ ოფიციალურად ხუთ თებერვალს აირჩია. ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. საკრებულოებში მუშაობის გეგმა კი ჯერ უცნობია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ფიქრობს, რომ თანაპარტიელები უნდა გავიდნენ როგორც პარლამენტიდან, ასევე, საკრებულოებიდან.


Print