ახალი ამბები
გალის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობა - პრემიერი ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

Print