ახალი ამბები
ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა მოსამართლეს, დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შუამდგომლობით მიმართა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ესებუას ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ.

"ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე ვშუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში,"- მიმართა მოსამართლეს საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ბადრი ესებუას ადვოკატის პოზიციით, პროკურატურის დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციით გამყარებული არ არის. 

"ეს დაუშვებელია. მე მინდა და ასე ჩავატარებ, ეს არ არის მართებული. ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავეთანხმებით", - აღნიშნა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

8 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ოჯახის ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში აიყვანა. საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


Print