ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია
შინაგან საქმეთა სამინისტრო რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163 კილომეტრი გაწმენდილია და რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.

,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.

შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა'', - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
Print