ახალი ამბები
"გამჭვირვალობა არის პრინციპი, რომელსაც მხარს დავუჭერთ" - ზუგდიდის მაჟორიტარი "უცხოური გავლენების აგენტების" პროექტზე
"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მხარს დაუჭერს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანიც. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" თავად პარლამენტის წევრმა ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის პოზიცია ერთსულოვანია. 

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობისკენ არის მიმართული. გამოხმაურება კი, რომელიც ამ საკითხს მოჰყვა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან სპეკულაციის საგნად იქცა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია არაერთხელ დაფიქსირებულა. ჩვენ გუნდში გვქონდა განხილვა, ვისაუბრეთ და ჩამოყალიბებული პოზიცია ის არის, რომ გამჭვირვალობა არის ისეთი პრინციპი, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. ასევე არის საკითხები, რომელთა განხილვაც გაგრძელდება. დღეს როგორც მოისმინეთ, ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ეს კანონი ეხება ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ძალიან ადეკვატურია, რომ ჰქონდეს გამჭვირვალობა. საერთოდ პრობლემის შინაარსს ვერ ვხედავ, რატომ ფიქრობთ, რომ ვინმესთვის არის რაიმე ფორმით დამაზიანებელი. ეს საკითხი გარკვეულწილად პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან", - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის მაჟორიტარმა.

14 თებერვალს მოძრაობა "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. 


ამავე თემაზე:

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება




Print