ახალი ამბები
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალება.

უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, პირველი მარტიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

"აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება."- ვკითხულობთ "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის" განცხადებაში.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
Print