ახალი ამბები
ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს სხვა მოწმეებთან ერთად ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ალიკა კვარაცხელიას განმარტებით, ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ. კვარაცხელიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ძებნილი შეიარაღებული იყო.

"სახლის კარი რომ შევაღეთ, ვნახე, რომ სახლის ფანჯარასთან იდგა ესებუა და ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. ვუთხარით, დაეგდო იარაღი…. მან იარაღი დააგდო და ისე სცადა გაქცევა. პოლიციური ძალა გამოვიყენეთ და დავაკავეთ. დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ მან დააყაჩაღა ბანკი. რომ ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო. თქვა, რომ აპირებდა სასამართლოში ეღიარებინა ყველაფერი… მე გასაუბრებისას ვიცანი ხმის ტემბრით. მანამდე მოსმენილი მქონდა თავდამსხმელის ხმის ჩანაწერები…", - თქვა ალიკა კვარაცხელიამ სასამართლოზე.

მის ჩვენებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბადრი ესებუა. მან სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ დაკავებაზე კვარაცხელიას ნათქვამი ტყუილი იყო.

"ლოგინში ვიწექი. მართალი ამ პიროვნებას ჩემთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს... იარაღი ხელში ეჭირაო, ჯერ ერთი, იარაღი იყო ბალიშის ქვეშ", - თქვა ბრალდებულმა.

ზუგდიდის სასამართლომ დღეს ბრალდების მხარის 8 მოწმე გამოიკითხა.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print