ახალი ამბები
"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. დღეს მოწმეებს შორის გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი გიორგი ქადარია,


რომელიც ესებუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. მისი მტკიცებით, ბრალდებულმა დაკავების მომენტში პოლიციას უთხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, გარკვეული ნაწილი კი დაკარგა.

"მე მონაწილეობას ვიღებდი დაკავების ოპერაციაში. აყვანის მომენტში ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა და ნაწილი კი დაკარგა", - აღნიშნა პროცესზე ქადარიამ და დასძინა, რომ ესებუას ეს სიტყვები სხვა პოლიციელებმაც გაიგეს.

ბადრი ესებუამ დეტექტივის ჩვენება გააპროტესტა და თქვა, რომ მოწმე იტყუებოდა.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


ბადრი ესებუას ხმისა და სუნის ნიმუშები აუღეს

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძის მიერ მის დაცვაზე უარი თქვა

ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

 

Print