ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. დღეს მოწმეების გამოკითხვის გარდა, ბრალდების მხარემ საქართველოს ბანკზე თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალა ასახავს ბანკზე თავდასხმის სრულ სურათს. შეიარაღებული მამაკაცის ბანკში შეჭრის პირველივე წამებიდან, მძევლებთან ერთად გასვლის ჩათვლით. 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინა. მათ შორის დეტექტივს, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების ოპერაციას ესწრებოდა.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print