ახალი ამბები
"როცა შენიშნა, რომ მოგვყვებოდნენ გაღიზიანდა და გაისროლა" - მძევალი ბანკზე თავდასხმელის შესახებ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს შორის იყო ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი. სწორედ ის იჯდა მანქანის საჭესთან მას შემდეგ,რაც მძარცველმა ბანკი ავთანდილ გალდავასთან და სხვა ორ მძევლათან ერთად დატოვა.  

ხვიბლიანი პროცესს დისტანციურად ერთვებოდა, მისი თქმით ის მანქანას მძარცველის მითითებების მიხედვით მართავდა. თავდაპირველად ისინი წალენჯიხის მიმართულებით, სოფელ სქურისკენ წავიდნენ. შეიარაღებული მამაკაცი ავთანდილ გალდავასგან ითხოვდა, რომ გზად არავინ გაჰყოლოდათ. თუმცა ერთ მომენტში მძარცველმა შენიშნა უცნობი ავტომობილი, რომელიც მათი მიმართულებით გადაადგილდებოდა რის შემდეგაც მან გაისროლა. 

"როგორც მახსოვს პირველად სქურისკენ წავედით, წალენჯიხის მიმართულებით. თანხა მე მქონდა ხელში და პირველი მე ჩავჯექი მანქანაში, უკანა მხარეს, მაგრამ მითხრა, რომ საჭესთან დავმჯდარიყავი. თანმიმდევრობა თუ ვინ როგორ იჯდა არ მახსოვს. თავდამსხმელი ჩემ უკან არ იჯდა. 

გადავაადგილდებოდით ჩვეულებრივ, განსაკუთრებული მარშრუტით არ გვივლია, გზაზე ვიარეთ. გალდავას და მას ქონდათ რაღაც საუბარი, მაგრამ დეტალები არ მახსოვს. დაძაბული ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი რაზე საუბრობდნენ. რაც მახსოვს, გალდავა ეუბნებოდა ეს ხალხი დამაბრუნებინე მშვიდადო. კონკრეტულად რამდენჯერ გავჩერდით და სხვა დეტალები არ მახსოვს. 

როცა შენიშნა, რომ მოგვყვებოდნენ გაღიზიანდა, გასროლაც მოხდა.

ბოლოს, რომ გავჩერდით წინა ორივე კარები ღია იყო. წინა სავარძელზე და სახელურების გაწმენდა მომთხოვა იმ ჩანთით , რომლითაც ფული მოიტანეს. ე.წ კოვრიკებს წყალი გაავლო. წინა კარგი როცა დავხურე, გალდავა და სხვა მძევლები უკან ისხდნენ. მე მითხრა, რომ წავსულიყავით და დავინახე, რომ მანქანა მანქანა ე.წ სტოპის ნიშანს აანთებს გავისვრიო,“- მიმართა დავით ხვიბლიანმა მოსამართლეს.


ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

Print