ახალი ამბები
ბალდაში ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება - სააგენტო
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მუშაობას იწყებს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში არსებული არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტზე. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიაშვილმა ისაუბრა. ოქროჯანაშვილის მღვიმესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, მხარეებს შორის შეხვედრა 15 მარტს გაიმართა.

თამარ ხახიაშვილის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი, რომლის განხორციელებაც 2024 წლიდან დაიწყება, მღვიმის სრულ შესწავლას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი კი მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და მღვიმის დიზაინის დაგეგმვას ითვალისწინებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ მღვიმე საკმაოდ მიუდგომელია, მისი ძირეული შესწავლა არ განხორციელებულა. ჩვენ, ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უსაფრთხოა მღვიმეში შესვლა. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს მისი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემები. ჩეხ პარტნიორებთან ერთად 2024 წლიდან დავიწყებთ აქტიურ კვლევებს, მათ შორის სეისმოლოგიურს. შესაბამისი კვლევების განხორციელების შემდეგ, მეორე ეტაპზე დაგეგმარება და დიზაინის მოწყობაა გათვალისწინებული. სპეციალური აღჭურვილობის გარეშე არ არის მღვიმეში შესვლა რეკომენდებული, თუმცა საზოგადოების ინტერესი უკვე არსებობს და ვფიქრობ, რომ ოქროჯანაშვილის მღვიმეს აქვს კარგი ტურისტული პოტენციალი. მისი განვითარების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ მარტვილის კანიონის და პრომეთეს მღვიმის შემდეგ ის გახდება მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია,"- უთხრა რადიო "ათინათს" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჩეხეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 2019 წელს დაიწყო. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარებისა და მისი პოტენციალის შესწავლის მიზნით, პარტნიორმა ქვეყანამ 500 000 ევროს ოდენობით გრანტი გამოყო. თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო დროებით შეჩერდა. მიმდინარე წელს კი პროექტზე მუშაობა დაცული ტერიტორიების სააგენტომ აქტიურად განაახლა.
Print