ახალი ამბები
ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ავთანდილ გალდავა გამოიკითხა. მისი დაკითხვის ბოლოს, ბრალდებულმა მოსამართლეს კითხვის დასმის უფლება სთხოვა და გალდავას მისი დაკავება მიულოცა.

"პირველ რიგში მინდა, რომ მოგილოცოთ ჩემი დაკავება, დიდი მიღწევაა ეს, როგორც ჩანს. მე გამიხარდებოდა, რომ, როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვებრძოლეთ, ისე შეებრძოლოთ ჩვენ მტერს. თქვენ როცა აძლევდით ჩვენებას, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული. მე მაინტერესებს, რატომ არ აგიჩუყდათ გული, როცა ჩემ ოჯახს სასტიკად გაუსწორდით, ჩემი უდანაშაულო ძმა ოთხი წლით გაუშვით ციხეში და იგივე "ტრიუკი" ჩაატარეთ ჩემ ნათესავებსაც", - მიმართა ბადრი ესებუამ ავთანდილ გალდავას.

წინა პროცესზე ექსპერტმა გიორგი ტაბატაძემ სასამართლო მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოს ბანკზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილიდან, რომლითაც თავდამსხმელი ბანკში მივიდა და მანქანიდან, რომლითაც ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. ის ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას საქმეზე დღეს ავთანდილ გალდავა დაიკითხება

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

სოსო ჯანაშია - ტყუილია, რომ ბადრი ესებუა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
Print