ახალი ამბები
ხალდაში ერთ-ერთ ნაგებობაში რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი განთავსდება
მესტიის მუნიციპალიტეტის კალას თემის სოფელ ხალდაში ერთ-ერთი მოსახლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სამუზეუმო სივრცის ფუნქციას შეიძენს. შესაბამისი მომსახურებისთვის 80 000 ლარის მოცულობის ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

სოფელ ხალდას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დღევანდელი მოცემულობით, სოფელში არსებული ნაგებობები და დარბაზ-მაჩუბები ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეული ნაგებობის გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობით ჩატარდება.

"ამჟამად ნაკვეთში განთავსებულია სამი ნაგებობა: აღდგენილი ორსართულიანი შენობა ახალი აივნებით, გვიანი პერიოდის ქვის ნაგებობა და ამჟამინდელი საპროექტო ობიექტი.

საპროექტო შენობა მძიმე მდგომარეობაშია. შემორჩენილია დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლის ფრაგმენტები. სამხრეთ კედელი ჩამოქცეულია, ხოლო ჩრდილოეთ კედლის ნაწილი ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. გადარჩენილი კედლების სტრუქტურები დაბზარულია. შენობას არ გააჩნია სახურავი და სართულშუა გადახურვა. ინტერიერი ამოვსებულია ჩამოშლილი სამშენებლო მასალით, ბიოსაფარითა და მიწით,"- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

Print