ახალი ამბები
ეძღვნებათ შეგუებულ, დაჩაგრულ, სიმშვიდე წართმეულ და ბოლოს მოკლულ ქალებს - ზუგდიდელი მხატვრის პროტესტი
ზუგდიდელმა მხატვარმა ქეთი ჩახაიამ ეს ტილო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნა. ნახატის ავტორი რადიო "ათინათთან" ჰყვება, რომ სურათის შექმნის მოტივაცია იმ პრობლემებმა, ჩაგვრამ და უსამართლობამ მისცა, რომლის წინააღმდეგაც ქალებს ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ. მისივე თქმით, იდეის გაჩენის შემდეგ ვიდეო რგოლის გადაღებას გეგმავდა, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა სათქმელი ტილოზე გადაეტანა.

"ასახავს იმ ქალების შეგრძნებებს, რომლებიც ყოველდღიურად იჩაგრებიან. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ამ ჩაგვრამ, დამცირებამ მომცა იმის სურვილი, რომ ამესახა ის ტკივილი რასაც განვიცდით ქალები ამ სიტუაციების ფონზე. ერთი შემთხვევა არ იყო ამ ნახატის მოტივაცია, თანდათან გროვდებოდა. მქონდა იდეა, რომ ვიდეო გადამეღო, თუმცა ბოლოს შევჯერდი ტილო შემესრულებინა და ჩემეულად გადმომეცა სათქმელი", - გვითხრა ქეთი ჩახაიამ.

ნახატის უკანა მხარეს ავტორის სიტყვებია დატანილი: "ეძღვნებათ დამწვარ, დამცირებულ, ტვირთაკიდებულ, თავგანწირულ, ღირსებაშელახულ, თავისუფლება წართმეულ, ფრთამოტეხილ, გაჩუმებულ, ტანჯულ, გაუბედურებულ, გულმოკლულ, არმოსმენილ, ლაფდასხმულ, სიმშვიდე წართმეულ, ოცნება წართმეულ, გაუბედურებულ, თვალებამოთხრილ, გამწარებულ, ხმა დაკარგულ, შეგუებულ, დაჩაგრულ, სიმშვიდე წართმეულ და ბოლოს მოკლულ ქალებს".
Print