ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები განიხილა. მოწმეებს შორის კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები არიან, რომლებიც 2020 წლის 21 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმისას დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

17 მარტს გამართულ პროცესზე ექსპერტ გიორგი ტაბატაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილიდან, რომლითაც თავდამსხმელი ბანკში მივიდა და მანქანიდან, რომლითაც ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა თავს ამ დრომდე უდანაშაულოდ ცნობს.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print