ახალი ამბები
"მესტიის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 243 034 ლარი მიიღო" - TI
ინდივიდუალურმა მეწარმემ ალექსანდრე ხერგიანმა, რომელიც წარსულში მესტიის გამგებლის მოადგილე იყო, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის მომსახურებებისა ჯამში 243 034 ლარი მიიღო.

2012 წლიდან დღემდე ხერგიანთან 17 გამარტივებული შესყიდვა და 12 ტენდერია გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული მონაცემებით ინდივიდუალური მეწარმე ალექსანდრე ხერგიანი სხვადასხვა დროს ასრულებდა, როგორც სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებებს, ასევე მიღებული აქვს რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საკვები პროდუქტებით მომარაგებისთვის.

"ალექსანდრე ხერგიანი ამავე დროს მესტიის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილის ბიზნესპარტნიორია შპს "ჰაწვალი 2015"-ში. ნელი ნავერიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლეა.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს",- ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ხერგიანის 2013 წლის სექტემბერში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მალევე შეწყდა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
Print