ახალი ამბები
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის შუალედური არჩევნებისთვის სულ ორი კანდიდატია დარეგისტრირებული. „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა, ის ყოფილი მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას შვილია. მისი კონკურენტი კი კახა კუკავას გუნდის წევრი ბესიკ წულეისკირი იქნება.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა სალომე როდონაიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ წულეისკირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში კონკრეტული ხარვეზებია აღმოჩენილი და მას გონივრული ვადა მიეცა საბუთების მოსაწესრიგებლად.

შუალედური არჩევნები 29 აპრილს ჩატარდება. როდონაიას თქმით ამ ეტაპზე უბნებიდან ამომრჩეველთა ბარათების გაცემა და საინფორმაციო ბროშურების დარიგება მიმდინარეობს.

"სულ ორი კანდიდატია დარეგისტრირებული, თავისუფალი საქართველოს კანდიდატს ბესიკ წულეისკირს დაუდგინდა ხარვეზი და შესაბამისი ვადა აქვს საბუთების მოსაწესრიგებლად მიცემული ველოდებით დოკუმენტების ხელახლა შემოტანას. ფოთში 17 უბანია გახსნილი, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები ამ ეტაპზე უბანი არიგებს ამომრჩევლის ბარათებს და საინფორმაციო ბროშურებს. ხობში 24 საარჩევნო უბანია, სენაკში 34,"- უთხრა რადიო "ათინათს" ფოთის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა სალომე როდონაიამ.

სხვა ოპოზიციურ პარტიებს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატურა არ წარუდგენიათ.

ფოთი, ხობი და სენაკი მაჟორიტარის გარეშე 5 თვის წინ დარჩა. 2022 წლის 27 ოქტომბერს 51 წლის ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print