ახალი ამბები
რიკოთის მონატკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად.

უწყების განმარტებით, პროცესში ჩართული მხარეები ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე) მოძრაობის აღსადგენად.

დეპარტამენტის ცნობით, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით.

,,კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის გამო. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი. კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე; სოფელ კაცხთან, 78-ე კმ-ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი კედელი; კმ70 - კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 - კმ106 (სოფელი რკვია - ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16 დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print