ახალი ამბები
"დაარღვია კარატის კოდექსი, პოლიტიკური სარჩული არ არსებობს" - მამუკა ყურაშვილიფედერაციიდან მწვრთნელის დისკვალიფიკაციის შესახებ
კარატის ფედერაციის პრეზიდენტი და ზუგდიდის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ მამუკა ყურაშვილი უარყოფს, რომ ხათუნა ბერიძე კარატის ფედერაციიდან დისკვალიფიკაციას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ყურაშვილის თქმით, ბერიძემ კარატის კოდექსი დაარღვია. საუბარია 28 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე,  რომელზეც ორგანიზაცია "ალტერნატივას" დამფუძნებელმა ხათუნა ბერიძემ, რომელიც ამავე დროს კარატის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი და მწვრთნელია, "ქართული ოცნების" ერთ- ერთ აქტივისტს გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა.

მამუკა ყურაშვილი რადიო "ათინათთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბერიძის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის ინიციატივით აჭარის კარატის ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდა. ყურაშვილის თქმით, მანდ ერთწლიანი დისკვალიფიკაციის 6 თვით შეცვლა მოითხოვა, რასაც სხვა კოლეგებიც დაეთანხმნენ.

"აჭარის კარატის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება ნათია ბერიძის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის განცხადება შემოიტანა იმის გამო, რაც მან ჩაიდინა ბათუმში, თუმცა აღმასკომის წევრები, მათ შორის მე, არ დავეთანხმეთ და შემოვიფარგლეთ 6 თვით. ბერიძემ დაარღვია კარატის კოდექსი. მის ადგილას მამუკა ყურაშვილი რომ ყოფილიყო, მაინც დასჯიდნენ. არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხარ თუ "ნაციონალური მოძრაობის" გავითვალისწინეთ, რომ ბერიძე არის კარგი მწვრთნელი და კარგი მსაჯი, თუმცა მას არა 6 თვიანი, არამედ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა,"- უთხრა რადიო "ათინათს" კარატის ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა.

28 მარტს ბათუმში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.
Print