ახალი ამბები
იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუა ციხეში 4 წელს გაატარებს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ იარაღი ნამდვილად მისია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამით დანაშაული ჩაიდინა. ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულისთვის მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი განსაზღვრულიყო, საქმის გარემოებების თანახმად, დაცვის მხარე კი მინიმალურ სასჯელს ითხოვდა, რადგან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და იარაღი მას თავდაცვის მიზნით ჰქონდა.

საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. სწორედ ამიტომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წინასასამართლო სხდომაზე წარადგინა.

რაც შეეხება ძირითად საქმეს, რომელშიც ტერორიზმის ბრალდებაზეა საუბარი, ამ საქმეზე არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხვალ განახლდება.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





Print