ახალი ამბები
რა ჯდება სააღდგომო სუფრა ზუგდიდის ბაზარში
აღდგომას ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სამზადისია. რადიო "ათინათი" დაინტერესდა, რა ღირს სადღესასწაულოდ საჭირო პროდუქტები ზუგდიდის ბაზარში.  აქ დასაქმებულები მყიდველების სიმცირეზე საუბრობენ, ამის მიზეზად კი გარევაჭრობას ასახელებენ და გვეუბნებიან, რომ ფასები საახალწლო პერიოდის შემდეგ დიდად არ გაზრდილა.  

აღდგომის დღესასწაულზე სიმბოლური და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვერცხია. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ქათმის კვერცხის ფასი 80 თეთრიდან იწყება, შეხვდებით იხვის და ციცრის კვერცხებს, მათი ღირებულება საშუალოდ 2 ლარიდან იწყება.

100 გრამი ბუნებრივი საღებავის, ენდროს, შეძენას 1 ლარად შეძლებთ. განსხვავებული ფერების და დაფასოებული საღებავის ფასი კი 5 ლარამდე აღწევს. მცირე ზომის ჯეჯილის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და მოცულობის შესაბამისად იზრდება.

აღდგომის დღესასწაულთან ასოცირებული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთხოვნადი პროდუქტია პასქა. მისი ფასი ზომებისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებულია. მცირე მოცულობის პასქის ღირებულება 2 ლარიდან იწყება და 20-30 ლარამდე მერყეობს.

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ერთი კილოგრამი სულუგუნის ფასი 20 ლარიდან იწყება. შებოლილი ყველის ღირებულება 30 ლარამდე აღწევს, ჭყინტი ყველის შესაძენად კი 15 ლარი დაგჭირდებათ.

მოვაჭრეების თქმით, გაზრდილია ხორც პროდუქტების ფასები. 1 კილოგრამი ინკუბატორში გამოყვანილი ქათმის ღირებულება 12 ლარიდან იწყება, სოფლის ვარია კი 40-50 ლარამდე ღირს. ღორის ხორცის - 15 ლარიდან, საქონლის ხორცის ღირებულება კი 22 ლარიდან იწყება.

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულები რადიო "ათინათთან" ამბობენ, რომ ბოსტნეულის და ხილის ფასები მცირდება. ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი 2 ლარიდან იწყება. კიტრის და პომიდვრის ფასი კი 3-5 ლარამდე აღწევს. ერთი ლიტრი ქარხნული ღვინის ფასი 3 ლარიდან იწყება.
Print