ახალი ამბები
პირველ კლასში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინფორმაციით, ბავშვები, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, შეძლებენ, რომ 2023 წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები გახდნენ.

მინისტრის განცხადებით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
Print