ახალი ამბები
გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 89 %-ს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება სურს - კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 89 %-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, აღნიშნული მაჩვენებელი კი ისტორიული მაქსიმუმია. ამავე კვლევით, 79 % წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნით, მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენისა და უვიზოდ შემოსვლის უფლების.

ამასთან, IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42 % ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესს, 78 %-ს სურს, რომ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა იყოს.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, 3% გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" დაუჭერდა მხარს, ასევე 3% - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებას“.

გამოკითხულთა 2-2%-მა თქვა, რომ ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეებს“ მისცემდა, 1% მხარს „კონსერვატიულ მოძრაობა - ალფ ინფოს“ დაუჭერდა, ასევე, 1% - „დროას“, 1% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - „პატრიოტთა ალიანსს“, 1%-„ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5% განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.


ამავე დოკუმენტით, გამოკითხულთა 91 % პატრიარქს - ილია მეორეს ენდობა, 52 % - თბილისის მერს, საქართველოს პრეზიდენტი კი ამ პუნქტში 48 %-ით მესამე ადგილს იკავებს.

გამოკითხულთა 77 %-ს მოსწონს ჯარის საქმიანობა, საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად 72 % აფასებს, ქართული პოლიციის მუშაობას კი - 63%.

აღნიშნულ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს მედია, რომლის საქმიანობით 62 %-ია კმაყოფილი, გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, კვლევა 2023 წლის 4-23 მარტი პერიოდში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები IPM-მა შეასრულა და მონაცემებიპირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%-ს.

Print