ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მეორეკლასელთა უფასო კვებისთვის სახელმწიფოსგან 208 000 ლარს ითხოვს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მეორე კლასელთა კვების პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას ითოხვს. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა ისაუბრა. მისი განცხადებით 300-მდე მეორეკლასელის კვებითი უზრუნველყოფისთვის ცენტრალური ხელისუფლებისგან 208 ლარიანი დახმარებაა საჭირო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვების პროგრამა 2023 წლის თებერვალში ამოქმედდა. 300 პირველკლასელის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 000 ლარი გამოიყო. რადიო "ათინათთან" ინტერვიუში წალენჯიხის მერის მოადგილე ვანო ბურდულმა თქვა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე მიმართეს მეორე კლასელთა კვებითი პროგრამის განსახორციელებლად თანხის გამოყოფისთვის.

"სკოლის მოსწავლეთა 35 პროცენტი საერთოდ არ იკვებება სკოლებში, წალენჯიხაში ბევრად მაღალია ამ მოსწავლეთა რიცხვი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეორე კლასელთათვისაც განგვეხორციელებინა უფასო კვების პროექტი. ამ ეტაპზე დაახლოებით 290- 300 ბენეფიციარი შეიძლება იყოს ახალი სასწავლო წლიდან, ჩვენ სახელმწიფოსგან 208 000 ლარიანი დაფინანსება მოვითხოვეთ, პირველკლასელთა მსგავსად ამ შემთხვევაშიც 4 ლარი განისაზღვრა ერთი მოსწავლისთვის. ვინაიდან ჩვენ მწირი ბიუჯეტი გვაქვს, გვინდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმაროს."- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი სოციალურ დანაკლისს განიცდის.

2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მიგნების თანახმად, გამოიკვეთა, რომ ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

გასულ კვირას განათლების მინისტრმა განაცხადა,რომ სამინისტრო მოსწავლეების უფასო კვების პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი სასადილოების მოწყობა იქნება.


ამავე თემაზე: 

წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ამოქმედდა

"ვიწყებთ მსჯელობას იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება" - განათლების მინისტრი

Print