ახალი ამბები
"ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა "აზიის განვითარების ბანკი" იყოს" - ფინანსთა მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შესაძლოა, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ინვესტორი "აზიის განვითარების ბანკი" გახდეს. მინისტრის თქმით, ეს ინტერესი ADB-ს მხრიდან არსებობს. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კორეაში აზიის განვითარების ბანკის 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, აუცილებელია, რომ ოპერატორს, რომელიც შეირჩევა პორტში ოპერირებისთვის გააჩნდეს ამ სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება და გარანტია იმისა, რომ პორტისთვის ტვირთების მოწოდებას გრძელვადიანად შეძლებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი, ვინც შეირჩევა, იყოს მაღალი რეპუტაციის, დიდი გამოცდილება ჰქონდეს ამ სექტორში და შეძლოს ის, რომ კორიდორში ტვირთები მოიტანოს. შესაძლებელია, რომ ტვირთების მოტანა დიდი პრობლემა არაა, რადგან ჩრდილოეთ კორიდორმა გადმოინაცვლა შუა კორიდორში, რომელიც საქართველოზე გადის, თუმცა, როდესაც ინვესტიცია 30-50 წელზეა გათვლილი, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობით არსებობდეს ტვირთები, არამედ ტვირთები გრძელვადიანად შენარჩუნდეს. ეს ინვესტიცია ვერ იქნება იმაზე დამოკიდებული, რომ რაღაც ფაქტორების გამო ტვირთები საქართველოში გადმოიტანეს. ინვესტორი მხოლოდ ამას ვერ დაეყრდნობა, რადგან ტვირთები შემდეგ, შეიძლება, სხვაგან წავიდეს. მით უმეტეს, რომ კორიდორში მხოლოდ ერთი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ კორიდორის ნაწილი ყველა ქვეყანა კოორდინირებულად ფუნქციონირებდეს როგორც ტარიფებთან, ისე პროცედურებთან მიმართებით.

ამ ნაწილში ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი) ინტერესი არის, უბრალოდ, მას შემდეგ, რაც კერძო ინტერესი იქნება გამოხატული და გამოჩნდება, საბოლოო სტრუქტურა როგორ ჩამოყალიბდება, თუ სახელმწიფოს ინვესტიციის გაკეთება იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამ მხარეს (სახელმწიფოს მხარეს) ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, სხვა ინვესტორებთან ერთად "აზიის განვითარების ბანკი" იყოს. ასეთი ინტერესი არსებობს",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.


ამავე თემაზე:

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას"- პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე

"გვინდა მშენებლობა შემოდგომაზე დავიწყოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ


Print