ახალი ამბები
სოხუმში საპროტესტო ბანერების გაკვრისთვის ახალგაზრდა აქტივისტები დააკავეს
სოხუმში საინიციატივო ჯგუფის, „ҲАРАҲПИЦУНДА“- ს ("ჩვენი პიცუნდა") აქტივისტები პლაკატების გამოფენის გამო დააკავეს. დღის მეორე ნახევარში, ადმინისტრაციული სამართალრდაღვევის ოქმების შედგენის შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს. „ნუჟნაია გაზეტას“ თანახმად, ახალგაზრდებს წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ემუქრებათ.

"Რისთვის? მათი სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანი გამოხატვისთვის. ციტატებისთვის. მოსაზრებისთვის. გარდა ამისა, ბანერები დაშალეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ისინი დანაშაულის იარაღს არ წარმოადგენდნენ, რადგან ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ჟურნალისტებს და საზოგადოების წევრებს, მიიღონ ზომები დემონსტრანტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი დაკავების გარემოებების გასარკვევად“, - წერენ მოძრაობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, საპროტესტო ბანერებზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას, მწერალ ფაზილ ისკანდერის და მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას ციტატები („აფხაზეთში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება"), ასევე ახალგაზრდული მოძრაობის მოთხოვნები და ლოზუნგები (”ჩვენ ქვეყანა კაზინოში არ წაგვიგია, შეწყვიტეთ ფასდაუდებელი მიწების გასხვისება” და სხვა.) ეწერა.


მანამდე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ "აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონს ეწინააღმდეგებიან - ისტორიული ცენტრებში უკანონო განაშენიანებას, ენერგოსისტემის მიზანმიმართულ ნგრევას."

„ვიცით, რომ ისევ ოპოზიციას, დასავლეთს მიგვაწერენ, შეეცდებიან იარლიყების მოწებებას, დისკრედიტაციას. ჩვენ ზეწოლას და შესაძლო პროვოკაციას წავაწყდებით. მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მხოლოდ ერთ მიზანი გვაქვს - თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი“, - აცხადებენ ისინი.

უფრო ადრე "ҲАРАҲПИЦУНДА“ - ს წევრებმა „ბიჭვინთის შეთანხმების“ რატიფიცირება გააპროტესტეს და აქციაც მოაწყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, მომხდარზე 6 გოგო და 2 ბიჭი დააკავეს. განყოფილებაში „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გოგოები გაათავისუფლეს, ბიჭების მიმართ კი საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. დაკავებულებმა ადვოკატების გარეშე შესაბამის ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ ორი ახალგაზრდაც „სახლში გაუშვეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


Print