ახალი ამბები
შუალედურ არჩევნებში გიორგი ხახუბიამ ხმების 95.30% მიიღო - ცესკო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ხახუბია აირჩიეს.

ცესკოს საბოლოო შედეგებით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, გიორგი ხახუბიამ ჯამში 27 551 ხმა მიიღო, რაც  95.30%-ია.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს ბესიკ წულეისკირს კი 1 359-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც საერთო ხმების 4.70%-ს შეადგენს.

"აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იყო ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, რომელიც სინქრონიზებული იყო ერთმანეთთან. რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნულ არჩევნებშიც უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული იყო ტექნოლოგიები, თუმცა ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91%-მა ხმა სწორედ ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით მისცა."- ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდა.

არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობდნენ.

ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ცესკოს პირველადი მონაცემით, გიორგი ხახუბიამ ხმების 95.3% მიიღო

პირველადი მონაცემებით, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი გიორგი ხახუბია გახდა - ქართული ოცნება

,,ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს’’ - გიორგი ხახუბია



Print