ახალი ამბები
პროკურატურა: „ბადრი ესებუა 2009 წელს ფსიქიატრიულში მკურნალობდა“
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდა. ამის შესახებ ბრალდებულმა ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმადგენლებს ინფორმაცია თავად მიაწოდა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, ის 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა, რაც საბოლოოდ მოსამართლემ დააკმაყოფილა ისევე, როგორც ცენტრიდან ესებუას სამედიცინო ბარათების გამოთხოვის შუამდგომლობა.

დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საქმეში აღნიშნული გარემოება ამ დრომდე უნდა ყოფილიყო გამოვლენილი.

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში 2 მაისს დააბრუნეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ბადრი ესებუას პროცესზე დღეს მისი მშობლები დაიკითხებიან

ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ციხეში დააბრუნეს

ბადრი ესებუას პროცესზე მოიტანეს სკამი, რომელზეც თავდამსხმელი ბანკში იჯდა

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს
Print