ახალი ამბები
ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“
ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას დედა ნინო ჯიქია ამტკიცებს, რომ თავდასხმის დღეს, 2020 წლის 21 ოქტომბერს მისი შვილი ბადრი ესებუა მთელი დღე სახლში იყო, მამას ეხმარებოდა და ამას ოჯახის წევრებიც დაადასტურებენ.

ჯიქია ასევე ამბობს, რომ ესებუა სახლიდან მხოლოდ 23 ოქტომბერს ნაშუადღევს ექიმთან ვიზიტზე წავიდა.

ნინო ჯიქიამ გაიხსენა ესებუების სახლის ჩხრეკის დეტალებიც და აღნიშნა, რომ ოქმს ხელი მოაწერა, თუმცა თავს შეუძლოდ გრძნობდა და ოქმი არ წაუკითხავს.

სხდომაზე ჯიქიას ჩვენება წაიკითხა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. ჩვენებაში ესებუას დედა წერს, რომ ბადრი სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ-ბიძინამ მისცა. ჯიქიას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.

ბადრი ესებუას დედამ თქვა, რომ ამ უკანასკნელ ჩვენებაში მოცემული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ტყუილია და ხელი მოაწერინეს.

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში 2 მაისს დააბრუნეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

პროკურატურა: „ბადრი ესებუა 2009 წელს ფსიქიატრიულში მკურნალობდა“

ბადრი ესებუას პროცესზე დღეს მისი მშობლები დაიკითხებიან

ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ციხეში დააბრუნეს

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს
Print