ახალი ამბები
ენმ-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ანა წითლიძეა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი ანა წითლიძეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდში არჩევნები არ ჩატარდება და გაიმართება კონფერენცია, რომელსაც პარტიის ადგილობრივი წევრები დაესწრებიან.

რადიო "ათინათი" ზუგდიდის საკრებულოს წევრს მაია კალანდიას ესაუბრა. მისი თქმით, ეს და პარტიის თავმჯდომარის არჩევნები საჭირო არ იყო და ამ გადაწყვეტილებებით პარტია დაზიანდა. მაია კალანდიასთან ერთად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომლის მიხედვითაც ანა წითლიძე რაიონული ოფისის თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა. კალანდია განმარტავს, რომ მას წითლიძის კანდიდატურასთან პირადი პრობლემა არ აქვს და ის პარტიაში მიმდინარე მსგავსი პროცესების წინააღმდეგია.

"მე ვთვლი, რომ ეს არჩევნები კი არა, წინა არჩევნებიც ახალი თავმჯდომარის, არ იყო საჭირო და დროული. ამ არჩევნებშიც, რომელშიც ანი წითლიძე დარეგისტრირდა, 12-მა წევრმა, მათ შორის მე, ხელი არ მოვაწერეთ. მე არავის ვეწინააღმდეგები, უბრალოდ, ვთვლი, რომ მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, ისრები სულ სხვაგან არის გასასწორებელი. ამ პროცესის და მისი მიმდინარეობის მომხრე არ ვარ. ანი წითლიძეს საწინააღმდეგო პირადად არაფერი არ მაქვს, მე ვეწინააღმდეგები იმ პროცესებს, რომელმაც დააზიანა პარტია. იმედი მაქვს პარტიას მალე დატოვებენ ის ადამიანები, რომლებიც არაფორმალურად დგანან ამ გადაწყვეტილებების უკან,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მაია კალანდიამ.

სამეგრელოს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონული ოფისის არჩევნებისთვის ერთზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, წალენჯიხაა. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნების ნაცვლად კონფერენციები გაიმართება.


ამავე თემაზე:


ვინ არიან სამეგრელოში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატები

ენმ - ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს


Print