ახალი ამბები
საქართველოს სასწავლო ცენტრში (GLC) ესეების კონკურსი გაიმართა

საქართველოს სასწავლო ცენტრის(GLC) ზუგდიდის განყოფილებაში, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ესეების კონკურსი გაიმართა, რომელშიც სკოლის მეშვიდე - მეთერთმეტე კლასელები მონაწილეობდნენ.


 

"ესეების კონკურსი ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო - საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. ღონისძიების მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეების ფიქრის უნარის წარმოჩენაა,"- უთხრა რადიო "ათინათს" სახელმწიფო ენის კათედრის წარმომადგენელმა რუსუდან კაკაჩიამ.

კონკურსში 4 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა: ელენე ჩილაჩავა (11-ე კლასი) , ნინო ღვინჯილია (11-ე კლასი), მარიამ შამუგია (10-ე კლასი), ლუკა ბოხუა (10-ე კლასი).

"ჩემი სურვილი იყო ჩაგვეტარებინა აქტივობები, რაც გაახალისებდა სასწავლო პროცესს და სხვა მოსწავლეებს მისცემდა სტიმულს. მინდოდა მოსწავლეებს ეგრძნოთ, რომ სკოლა არ არის მხოლოდ საგნების სწავლისთვის. სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორთან ერთად გადავწყვიტეთ ესეების კონკურსის ჩატარება, რომელიც გამოავლენდა წერის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს"- გვითხრა სასწავლო ცენტრის ზუგდიდის განყოფილების თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნიაკო ვეკუამ.

მოსწავლეებისთვის განსაზღვრული იყო ორი თემა. VII - IX კლასელები მუშაობდნენ თემაზე: "სასკოლო ფორმები მოსწავლეთა თანასწორობას უსვამს ხაზს და ამცირებს მოზარდთა შორის უთანხმოების შემთხვევებს"- მონაწილეებს შეეძლოთ დათანხმებოდნენ ამ მოსაზრებას ან საპირისპირო დაემტკიცებინათ.

X-XI კლასის მოსწავლეები კი განიხილავდნენ თემას: "სანამ ადამიანი საზოგადოების არასწორი შეხედულებებისა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენებისგან არ გაითავისუფლებს თავს, მანამდე იქნება ამ საზოგადოების ძალადობის ნებაყოფლობითი მსხვერპლი."

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, გამარჯვებულებს კი საჩუქრები.

 

Print