ახალი ამბები
მგონია, რომ უხერხულობას უნდა ქმნიდეს დღეს რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენა - გიგა ოთხოზორიას დედა
ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ. ახლა კი მგონია, რომ კიდევ უფრო გაჭირდება მისი პოვნა და მიღწევა. ახლა ამ იმედის ნაპერწკალი გამიქრა, - ასე უპასუხა გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთიდან პირველი თვითმფრინავის სწორედ დღევანდელ დღეს ჩამოფრენა უხერხულობას უნდა ქმნიდეს.

"დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. დღეს რომ პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც, სავარაუდოდ, დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც, ალბათ, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა. საერთოდ თუ კი დადებითად ჩათვლის ვინმე ამ მოვლენას, მაგათ მგონია, რომ უხერხული მომენტი უნდა ჰქონდეთ", - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მივიდა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. მისი ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი".

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ მესაზღვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

Print