ახალი ამბები
ენმ-ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამუკა ქარდავა აირჩიეს
წალენჯიხაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამუკა ქარდავა აირჩიეს. მის კანდიდატურას ჯამში 1 451-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ინფორმაცია რადიო "ათინათს" ქარდავამ თავად დაუდასტურა. მისივე თქმით,  ენმ-ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის არჩევნებში სულ 2 127-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამუკა ქარდავას კონკურენტი ბაჩო ქანთარია იყო, რომელიც ქალაქ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატია, მან ჯამში 650 ხმა მიიღო.

"რვა საათზე დასრულდა კენჭისყრა, ღამის ორ საათამდე მიმდინარეობდა ხმების დათვლა. მე 1 451 ხმა მივიღე და მეორე მხარეს 650-მა ადამიანმა დაუჭრია მხარი. ჩვენ ყველა ერთი პარტიის წევრები ვართ, იქნებიან ახალი სახეებიც. მასშტაბურად გეგმების შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. მე პარტიის წევრი 2004 წლიდან ვარ. ბოლო არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერდი მხარს და ეს ყველასთვის ცნობილი იყო,"- უთხრა რადიო "ათინათს" ენმ-ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ.

მამუკა ქარდავა წალენჯიხის ყოფილი გამგებელია, ამ ეტაპზე კი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს.

წალენჯიხა სამეგრელოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს. სხვა ყველა ქალაქში არჩევნების ნაცვლად თავმჯდომარეობის კანდიდატები მხარდამჭერებისთვის ელექტრონული კონფერენციები გაიმართა.

ამავე თემაზე:

ვინ არიან სამეგრელოში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატები

წალენჯიხაში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის არჩევნები მიმდინარეობს


Print