ახალი ამბები
რეფორმის შემდეგ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან
სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელმა ირაკლი იზორიამ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მიიღებს, ყოველი განვლილი 4.5 საათის შემდეგ საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მძღოლმა მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს. გარდა ამისა, მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მოიაზრება ალკოტესტზე შემოწმებაც.

ამასთან, სასამართლოს თანხმობის გარეშე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ექნება შესაძლებლობა ადგილზე მივიდეს და ნახოს რა მდგომარეობაშია ავტოსადგური, რომლის ადგილმდეგაბრეობას მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს და რომელიც გარკვეულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.

"ამ ყველაფერს ემატება გარკვეული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ. ეს არის სამედიცინო ოთახის არსებობა, მძღოლის შემოწმება, იგეგმება ბილეთების სისტემის შემოღება. შესაძლებელი იქნება გასვლის თარიღის ონლაინ დაჯავშნა.

უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით, დამატებით ჩანართები იქნება. აუცილებელი იქნება ტექნიკური ინსპექტირების გავლა, ამასთან, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს მიღებულ სტანდარტს, მაგალითად, სატვირთო ავტომობილი არ უნდა იყოს გადაკეთებული, ხელოვნურად არ უნდა იყოს დამონტაჟებული სავარძლები. ამასთან, უშუალოდ მძღოლის რეჟიმი გაკონტროლდება. ევროპული რეგულაციით, ყოველი 4.5 საათის შემდეგ მძღოლმა მინიმუმ 45 წთ, ნახევარი საათი უნდა დაისვენოს და დღეს ამის შემოწმებას ვერ ვახერხებთ.

ტაქოგრაფიის სისტემის ამოქმედება საერთაშორისო გადამზიდავებსა და მძღოლებზე სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივზე არა. ეს აუცილებლად სავალდებულო იქნება და მძღოლის გადაღლილობის თავიდან აცილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განმარტა ირაკლი იზორიამ ჟურნალისტებთან.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მზადაა და ის რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებს. როგორც მინისტრმა მთავრობის სსხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პაკეტი ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმების ფარგლებში შემუშავდა.

დავითაშვილის განმარტებით, რეფორმა გულისხმობს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, ასევე სამგზავრო ტრანსპორტისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნების განსაზღვრას.




Print