ახალი ამბები
ჩუტყვავილას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,  საქართველოში  ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა.  გაბუნიას თქმით, მატება საგანგაშო არ არის და ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ერთდროულად მოხდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ერთი წლის განმავლობაში, რაც ექსპერტების მოსაზრებით, პრაქტიკაში განხორციელებაში ვერ იქნება. არასრული ვაქცინაცია პირიქით, გაზრდის რისკებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ ბავშვს ჩუტყვავილა დაემართა, დარჩეს სახლში და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილ ადამიანებში ჩუტყვავილას მდგომარეობა არის უფრო სერიოზული და საყურადღებო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა დაემართა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს სწრაფი რეაგირებისთვის“-განაცხადა მან.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება დაფიქსირებულ წითელას რამდენიმე შემთხვევაზეც გაამახვილა და მშობლებს მოუწოდა, ბავშვები წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.


Print