ახალი ამბები
სამეგრელოში დააკავეს მეწარმეები, რომლებიც აგრო ბარათს თანხაზე ცვლიდნენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის სამეგრელოში 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით ბრალდებულები აგრომაღაზიას ფლობდნენ, სადაც ფერმერებს ეგრეთ წოდებული აგრო ბარათების გამოყენება შეეძლოთ.

ირკვევა, რომ შესაბამისი პროდუქციის რეალიზების ნაცვლად ბრალდებულები თხილის მწარმოებლებს აგრო ბარათზე დარიცხული თანხის 70-80% პროცენტს ხელზე უხდიდნენ და პროდუქციის გაცემის შესახებ ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. თავად კი სახელმწიფოსგან თანხის 100% იღებდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს,"- ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტრისა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდია ლიბერთი ბანკის აგრო ბარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით ხდება. ქულების დარიცხვა კი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.


ამავე თემაზე:

ოთარ შამუგიამ თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამა ფერმერებს გააცნო
Print