ახალი ამბები
"საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან არის შესაძლებელი" - გამოცდების ეროვნული ცენტრი
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აპლიკანტმა საგამოცდო ბარათის მისაღებად სპეციალური ველი online.naec.ge უნდა შეავსოს და მიჰყვეს მითითებულ ინსტრუქციას.

საგამოცდო ბარათზე დატანილია საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდების თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

"გამოსაცდელი ვებგვერდზე https://online.naec.ge/ გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - "დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი". ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4),"- ვკითხულობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, მათ შორის ზუგდიდსა და ფოთში. 

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება.
Print