ახალი ამბები
ჯვარში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა ქალაქ ჯვარში. ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი და გამსახურდიას ქუჩა ნახევარ მეტრიანი ღორღის მასით დაიფარა. სტიქიის შედეგების შესახებ რადიო "ათინათთან" ქალაქ ჯვარში მერის წარმომადგენელმა ირაკლი ხარჩილავამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მეხი დაეცა მრავალწლოვან კედრის ხეს, რის გამოც გაბუნიას და რუსთაველის ქუჩებზე მოძრაობა რამდენიმე საათით იყო პარალიზებული.

ხარჩილავა რადიო "ათინათს" უყვება, რომ გამსახურდიას ქუჩაზე სტიქიამ პრობლემები გასულ წელსაც შექმნა.

"ცენტრალურ ქუჩაზე მრავალწლოვანი კედრის ხეს მეხი დაეცა, მოწყვიტა ელექტრო და ინტერნეტის კაბელები, გაბუნიას და რუსთაველის ქუჩაზე გადაადგილება, თითქმის, 3 საათით შეზღუდული იყო. გამსახურდიას ქუჩაზე გზა ნახევარი მეტრის სიმაღლის ღორღით დაიფარა, გაწმენდითი სამუშოები ახლაც მიმდინარეობს. ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა წყალი აღმაშენებლის ქუჩაზე, სანიაღვრე არხმა ვერ გაუძლო წყლის ნაკადს. გასულ წელს სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციას მივმართე გამსახურდიას ქუჩის პრობლემის შესახებ, შარშანაც დაზარალდა სტიქიის შედეგად ეს მონაკვეთი, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს რკინაბეტონის არხის გატარება და გზის საფარის რეაბილიტაციას, მაგრამ მითხრეს, რომ მილიონში ხდებოდა მსგავსი შემთხვევა და უკვე ზედიზედ მეორედ დაიტბორა გამსახურდიას ქუჩა,"- აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.

ქალაქ ჯვარში რამდენიმე დღიანი სტიქიის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ზარალი სერიოზული არ არის, სხვა მაცხოვრებლებს კი მსგავსი პრობლემით არ მიუმართავთ.
Print