ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გასულ წელს 13 პირი დააკავეს - სუსი
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 2022 წელს 13 პირი დააკავეს და დაფიქსირდა ბორდერიზაციის 9 შემთხვევა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის განხილვაც პარლამენტში ხვალ დაიწყება.

სუს-ის ინფორმაციით, ასევე, დაფიქსირდა ეთნიკური ქართველების დაშინების, შევიწროებისა და "გამოკითხვებზე" დაბარების შემთხვევები.

2022 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფებოდა. უკანონო პატიმრობაში რჩებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს, მათ შორის, ირაკლი ბებუა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 339-ჯერ იქნა გამოყენებული "ცხელი ხაზი".

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს.
Print