ახალი ამბები
სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმედღიანი წვიმის შემდეგ, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა თითქმის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სენაკში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მსგავსი შემთხვევები ხშირია.

"ძლიერი წვიმების შემდეგ თუ ღელე ადიდდება, ვიტბორებით. ყველა ოთახში წყალი იყო შემოსული, ახლაც ვასუფთავებთ სახლს, რამდენიმე კვირის წინ ძლიერი წვიმა რომ იყო, არ გადმოსულა წყალი,"- ამბობს ის.

"სამი - ოთხი საათი გადაუღებლად წვიმდა, სახლის სარდაფი მთლიანად დაიტბორა. ყოველ წელს ასეთი სიტუაცია გვაქვს. ჩვენი ძალებით ვასუფთავებთ, ჩვენთან დახმარება თითქმის არასდროს მოსულა,"-  გვითხრა ადგილობრივი მცხოვრებმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი სამსახურები გვიან ღამიდან აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. 

"შუაღამიდან მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ, ეხმარებიან მოსახლეობას ეზოების და სახლების დასუფთავებაში, ამ წუთებში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები. ზარალის დამთვლელი ჯგუფები შექმნილია, მათ უნდა მომართონ სენაკის მერიას რათა მოხდეს ზარალის ობიექტური შეფასება,"- განაცხადა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ.

გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა წყალმოვარდნამ სენაკის მინუციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების ნაწილი დატბორა.

უამინდობამ გასულ კვირაში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა, მათ შორის, სენაკიც.


Print