ახალი ამბები
ქალების ინტიმური ფოტოების, მიმოწერებისა და ვიდეოების გავრცელებისთვის ერთ თვეში 8 პირი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ივნისი-ივლისის პერიოდში 8 პირი ამხილა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა.

დაზარალებული ქალებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, ერთ-ერთი კი დამნაშავემ გააუპატიურა.

გამოძიების ინფორმაციით, მხილებულ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.


„ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „whatsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო“, - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.



Print