ახალი ამბები
საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 16.7% შეადგინა.

კერძოდ, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), საქსტატი აცხადებს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ის 1.6%-ით გაიზარდა და 53.2%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1%-ით გაიზარდა და 44.3% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0%-ით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.4%-ით, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1%-ით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.0%-ით და შესაბამისად 44.9%-ს და 43.4%-ს შეადგენს.

„2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9%-ს, ხოლო კაცებში 65.1%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2%-ით, ხოლო კაცებში - 0.9%-ით.

„2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით“, - მითითებულია საქსტატის მაჩვენებლებში.

Print