ახალი ამბები
შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებით სამხედრო ბაზის განლაგებასა და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვას.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

„საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია", - აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას 4 ოქტომბერს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრის მთავარი საკითხი “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნა და ჰარმონიზაციის პროცესის გაღრმავება” იყო. 

Print