ახალი ამბები
2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან - საქსტატი
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა საერთაშორისო არარეზიდენტი 2.7 მილიონი მოგზაური, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურებზე მოდის. 

"2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 46.0 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით", - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, აღნიშნული ვიზიტორები უმეტესად აჭარასა და თბილისს ეწვივნენ.



Print