ახალი ამბები
სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით ამნისტია მილიონზე მეტ პირს შეეხება - მინისტრი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ სამშენებლო ამნისტია 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე იმ ინდივიდუალურ შენობა -ნაგებობაზე გავრცელდება, რომლებიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა.

ბრეგაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტია მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. მისივე თქმით, საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, რომელთაც ამნისტიის შემდეგ დაჯარიმების ან დემონტაჟის საფრთხე აღარ შეექმნებათ.


"ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა - ნაგებობები, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ხარვეზიანია და შესაბამისად, ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში. გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. საკუთრების უფლების სრული მასშტაბის უზრუნველსაყოფად და ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც პარლამენტს წარედგინება. ის გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა -ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ესენი უნდა იყოს ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლები. ასევე, ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმის, როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში.

ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს. ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აშენებული იქნება შემდგომ, აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში. ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად", - აღნიშნა მინისტრმა.

Print