ახალი ამბები
ცვლილებას, რომლითაც სამი თვე ტრანსპორტი მხოლოდ ზამთრის საბურავებით უნდა გადაადგილდეს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა. შსს-ს ინფორმაციით, საუბარია ავტოტრანსპორტის ზამთრის პერიოდში შესაბამისი საბურავებით აღჭურვის აუცილებლობაზე.


"პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.

ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობა კი 5-ით შემცირდება.

Print