ახალი ამბები
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვას გაამარტივებს და დააჩქარებს იმ პირთა დეპორტაციას, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან.

გერმანული მედია წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესრატმა 15 დეკემბერს მიიღო. მანამდე, ნოემბერში, კანონპროექტი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. ბუნდესტაგმა დაამტკიცა. ის ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

უფრო ადრე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში შესვლა სურთ და ამ ქვეყნებში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.

„ამას გარდა, ყოველი მეათე თავშესაფრის მაძიებელი გერმანიაში საქართველოდან და მოლდოვიდან ჩადის, ხოლო მათი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარება, საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შევამციროთ არალეგალური მიგრაციის მასშტაბები“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის თავშესაფრის მიღების უარყოფილი განაცხადების მთელი რაოდენობის 10%.

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად გერმანიაში აღიარებულია ასევე ალბანეთი, ბოსნია, განა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბია და მონტენეგრო.


Print